English / ქართული / русский /
გიორგი კრავეიშვილი
ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება როგორც XXI საუკუნის გამოწვევა: არსი და მეთოდოლოგია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარებითი ანალიზი

ანოტაცია: სტატიის მიზანი არის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება; იმ ფაქტორების გამოვლენა რომლებიც განსაზღვრავენ თუ რამდენად ინკლუზიურად ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა; აღნიშნულ ფაქტორებზე დაყრდნობით პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითარების ინდექსის შემუშავება და აღნიშნული ქვეყნების შედარებითი ანალიზი. ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, უთანასწორობა, სიღარიბე, პოსტსაბჭოთა ქვეყნები. 

შესავალი

ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის დღის წესრიგში. გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-8 სწორედ მდგრადი ინკლუზიური განვითარებაა,  რომელმაც უნდა შექმნას ყველასათვის ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა. [United Nations, 2015: 16]. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობა აზიის განვითარების ბანკის სტრატეგიაში პირველად 2008 წელს გამოჩნდა. ის „სტრატეგია 2020“-ის სამი ძირითადი მიმართულებიდან პირველი იყო. (ეკოლოგიურად მდგრად ზრდასა და რეგიონალურ ინტეგრაციასთან ერთად). [Asia Development Bank, 2008: 11] ასევე „ სტრატეგია 2030“ ის 4 ძირითადი მიმართულებიდან მე-2 სწორედ ინკლუზიურობაა. [Asia Development Bank, 2018: I]. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიხედვით ეკონომიკური ზრდა არ არის თვითმიზანი. მთავარი მიზანი მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის გაუმჯობესებაა. უთანასწორობის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე მისი ზემოქმედების პრობლემის მოგვარება კი, მხოლოდ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. [Organisation for Economic Co-operation and Development, 2014: 8].

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს. აზიის განვითარების ბანკი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას განიხილავს, როგორც ერთი მხრივ ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნულ შესაძლებლობებთან საზოგადოების წევრების უფრო ფართო წვდომას, რათა მათ შესძლონ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობა და მისგან სარგებლის მიღება. [Asia Development Bank, 2008: 11]. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანი­ზაციის მიხედვით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ორიენტირებულია ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებაზე და ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებლის უფრო სამართლიან და თანასწორ გადანაწილებაზე მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის [Organisation for Economic Co-operation and Development, 2014: 8]. მსოფლიო ეკონო­მიკური ფორუმის განმარტებით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის ათწლეულების განმავლობაში მდგრადი წარმოების ზრდა, რომელიც ფართოდ მოიცავს მთლიან ეკონომიკას, საშუალებას აძლევს ქვეყნის სამუშაო ძალის დიდ ნაწილს, რომ იყოს დასაქ­მებული და ამით ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას. [World Economic Forum, 2015: 1].

როგორც ვხედავთ სხვადასხვა ორგანიზაციების განმარტებები იდენტური არ არის, თუმცა ყველა მათგანი აქცენტს აკეთებს ერთსა და იმავე ფაქტორებზე, როგორიცაა სიღა­რიბის შემცირება და უთანასწორობის აღმოფხვრა. სურათ 1-ზე მოცემულია, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი 1%-ის და ყველაზე დაბალ­შემოსავლიანი 50%-ის ხვედრითი წილი 1980-2016 წწ. როგორც სურათიდან ვხედავთ შე­მოსავ­ლების განაწილების უთანასწორობა ცალსახაა, ამასთან მაღალშემოსავლიანი მოსახ­ლეობის 1%-ის ხვედრითი წილი უფრო მზარდია ვიდრე დაბალშემოსავლიანი 50%-ის. 

სურათი 1: მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი 1%-ის და დაბალშემოსავლიანი 50%-ის ხვედრითი წილის დინამიკა მთლიან შემოსავლებში 1980-2016 წწ.

 

წყარო: World inequality lab, “World inequality report 2018”, 2018, გვ.9 

კიდევ ერთი მაგალითი შემოსავლების განაწილების უთანასწორობის მოცემულია სურათ 2-ზე. მოცემული მონაცემების მიხედვით 2016 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის TOP 10%-ზე ევროპაში მოდიოდა მთლიანი შემოსავლების 37%, ჩინეთში - 41%, სამხრეთ საჰარაში - 54%, ხოლო შუა აღმოსავლეთისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 61% იყო. 

სურათი 2: შემოსავლების მიხედვით მოსახლეობის TOP 10% ის ხვედრითი წილი 2016 წ.

 

წყარო: World inequality lab, “World inequality report 2018”, 2018, გვ. 5 

როგორც მოცემული მაჩვენებლებიდან ვხედავთ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არსებული უთანასწორობა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც კიდევ ერთხელ უფრო მეტ აქტუალობას სძენს ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, რომელმაც აღნიშნული პრობლემის გადაჭრა უნდა უზრუნველყოს. 

ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების გაზომვის მეთოდოლოგია

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად განვიხილავთ აზიის განვითრების ბანკისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას.

აზიის განვითარების ბანკმა 2011 წელს ქვეყნის განვითარების ინკლუზიურობის გასაზომად ჩამოაყალიბა „ინკლუზიური ზრდის ინდიკატორების სტრუქტურა“ აღნიშნული სტრუქტურა მოიცავს 8 ჯგუფში გაერთიანებულ 35 ინდიკატორს. ეს 8 ჯგუფია: 1. სიღარიბე და  უთანასწორობა; 2. ეკონომიკური ზრდა და დასაქმება; 3. საკვანძო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; 4. განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა; 5. წვდომა ძირითად კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე; 6. გენდერული თანასწორობა და შესაძლებლობები; 7. სოციალური დაცვის სისტემა; 8. კარგი მმართველობა და ინსტიტუტები. [Asia Development Bank, 2011: 56]:

I.  სიღარიბე და  უთანასწორობა:

  1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის პროცენტული წილი;
  2. მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლის შემოსავალი დღეში 2$-ზე ნაკლებია;
  3. მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი / მაღალი მოხმარების მქონე 20% -ის თანაფარდობა ყველაზე დაბალშემოსავლიან / დაბალი მოხმარების მქონე 20%-თან;
  4. სკოლაში სწავლების საშუალო წელი;
  5. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ნორმაზე გამხდართა ხვედრითი წილი;
  6. 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის დონე;

II. ეკონომიკური ზრდა და დასაქმება:

  1. მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით;
  2. მოსახლეობის ერთ სულზე  საშუალო შემოსავლის / მოხმარების ზრდის მაჩვენებელი (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით);
  3. დასაქმების დონე;
  4. დასაქმების ელასტიკურობა მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში;
  5. ყოველ 100 დაქირავებით დასაქმებულზე თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა;

III. საკვანძო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა:

  1. მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება;
  2. მყარი ზედაპირის  მქონე გზების პროცენტული წილი;
  3. ყოველ 100 ადამიანზე მობილური ტელეფონის აბონენტთა რიცხვი;
  4. მეანაბრეთა რიცხვი ყოველ 1000 ზრდასრულ ადამიანზე;

IV. განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა:

  1. სასკოლო ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა;
  2. მოსწავლე-მასწავლებლების თანაფარდობა (დაწყებით სკოლაში);
  3. დიფტერიით, ტეტანუსის ტოქსოიდით და პერტრუსით აცრილთა წილი 1 წლამდე ბავშვებში;
  4. ექიმები, ექთნები და ბებიაქალები მოსახლეობის ყოველ 10 000 სულზე;
  5. განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების წილი სახელმწიფოს მთლიან ხარჯებთან მიმართებაში;
  6. ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების წილი სახელმწიფოს მთლიან ხარჯებთან მიმართებაში;

V. წვდომა ძირითად კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე:

    1. მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელთაც წვდომა აქვთ ელექტროენერგიაზე;
    2. მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებიც მყარ საწვავს იყენებენ საკვების მოსამზადებლად;
    3. მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებიც სასმელი წყლის გაუმჯობესებულ წყაროებს იყენებენ;
    4. მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებიც გაუმჯობესებულ სანიტარულ სისტემას იყენებენ;

VI. გენდერული თანასწორობა და შესაძლებლობები:

      1. გენდერული თანასწორობა პირველად, მეორეულ და მესამეულ განათლებაში;
      2. მშობიარობამდე გამოკვლევა (მინიმუმ ერთი ვიზიტი);
      3. გენდერული თანასწორობა სამუშაო ძალაში;
      4. სახელმწიფო პარლამენტში ქალთა მიერ დაკავებული ადგილების პროცენტული წილი;
        1. VII.        სოციალური დაცვის სისტემა:
        2. სოციალური დაცვა და შრომის რეიტინგი;
        3. სოციალური უსაფრთხოების ხარჯების პროცენტული წილი სახელმწიფოს მთლიან ჯანდაცვით ხარჯებში;
        4. სოციალური უსაფრთხოების და კეთილდღეობის ხარჯების წილი სახელმწიფოს მთლიან ხარჯებში;

VIII. კარგი მმართველობა და ინსტიტუტები:

          1. ხმა და პასუხისმგებლობა;
          2. ეფექტიანი მმართველობა;
          3. კორუფციის აღქმის ინდექსი.

კიდევ ერთი მეთოდოლოგია, არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემოთავაზებული 2017 წელს წარმოდგენილი ინკლუზიური ზრდისა და განვითარების ანგარიშში მოცემული ინკლუზიური განვითარების ინდექსი. აღნიშნული ინდექსი მოიცავს 3 ჯგუფში გაერთიანებულ 12 ინდიკატორს.  [World Economic Forum, 2017: IX].

I. ზრდა და განვითარება:

  1. მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე;
  2. შრომის პროდუქტიულობა;
  3. დასაქმება;
  4. ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა;

II. ინკლუზიურობა:

  1. საშუალო შემოსავალი;
  2. ჯინის ინდექსი შემოსავლების მიხედვით;
  3. სიღარიბის მაჩვენებელი;
  4. ჯინის ინდექსი მთლიანი სახსრების მიხედვით;

III. თაობათაშორისი თანასწორობა და მდგრადობა:

  1. კორექტირებული წმინდა დანაზოგები;
  2. ასაკობრივი დამოკიდებულება;
  3. სახელმწიფო ვალი (მთლიანი სამამულო პროდუქტის პროცენტული წილი);
  4. ნახშირბადის ინტენსივობა (მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში).

მოცემული ინდიკატორებიდან ქვემოთ ჩვენ შევარჩევთ რამდენიმეს, რომლითაც მოვახდენთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარებით რანჟირებას. 

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითარების ინდექსის მეთოდოლოგიის მიმოხილვა

როგორც ვხედავთ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების გასაზომად საერთაშორისო ორგანიზაციები ინდიკატორთა ფართო ნაკრებს გვთავაზობენ. აღნიშნული ინდიკატორების გათვალისწინებით, ასევე პირველ პარაგრაფში განხილული ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის არსიდან გამომდინარე, გამოვყოფთ მიმართულებათა 4 ჯგუფს, რომლებიც მიგვაჩნია რომ მეტწილად აერთიანებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ ყველა ფაქტორს. აღნიშნული ჯგუფებია:

  1. ცხოვრების დონე;
  2. უთანასწორობა;
  3. ყველასთვის სამართლიანი და თანასწორი მმართველობა;
  4. სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი წარმართვა.

ცხოვრების დონე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ამახვილებს ყურადღებას. აქედან გამომდინარე ჩვენს ინდექსში საჭიროდ მიგვაჩნია ისეთი ინდიკატორების არსებობა, როგორიცაა:

  1. მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე (აშშ დოლარი 2010 წლის ფასებში);
  2. დასაქმების დონე (%);
  3. ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა (წელი).

მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ინკლუზიურმა ეკონომიკურმა ზრდამ უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული მიმართულების შესაფასებლად ჩვენ შემდეგ ინდიკატორებს გამოვიყენებთ:

  1. ჯინის ინდექსი;
  2. მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 20%-ის შემოსავლების თანაფარდობა მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი 20%-ის შემოსავლებთან;
  3. სიღარიბის მაჩვენებელი (%).

სამართლიან და ეფექტიან მმართველობას ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. აუცილებელია, რომ მოსახლეობა აღიქვამდეს და რომ მათი აზრი მნიშნელოვანია და ქვეყანაში ყველასთვის სამართლიანი და თანასწორი გარემო არის შექმნილი, რათა ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს ეკონომიკურ პროცესებში ჩართვის. მოცემული მიმართულების შესაფასებლად გამოვიყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  1. კორუფციის აღქმის ინდექსი;
  2. ხმა და პასუხისმგებლობა;
  3. ეფექტიანი მმართველობა.

ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების შესაფასებლად ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფო ფინანსების სწორი წარმართვა. მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკაში ჩასართავად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანში სათანადო განათლების დონის არსებობა და სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკა აღნიშნული მიმართულებით. სამართლიანი გარემოს შექმნისთვის მთავრობამ ასევე უნდა იზრუნოს მოსახლეობის დაუცველ ნაწილზე შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ასევე თაობათაშორისი თანასწორობა, რათა ერთი თაობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღება არ მოხდეს მომავალი თაობების ხარჯზე სახელმწიფო ვალის აღების გზით. აქედან გამომდინარე აღნიშნული მიმართულებით ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინდიკატორებია:

  1. მთავრობის ხარჯები განათლებაზე, როგორც მთავრობის მთლიანი ხარჯების წილი;
  2. ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, როგორც მთლიანი სამამულო პროდუქტის პროცენტული წილი;
  3. ცენტრალური მთავრობის ვალი (მთლიანი სამამულო პროდუქტის პროცენტული წილი).

რა თქმა უნდა აღნიშნული ინდიკატორთა ნაკრები შეიძლება შეიცავდეს სხვა არაერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოცემული შემადგენლობა მეტწილად სრულად გადმოცემს ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების არსს და საშუალებას მოგვცემს შევადაროთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარება აღნიშნული მიმართულებით და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.

იმისათვის, რომ მოცემული მაჩვენებლები ადვილად შესადარებელი და აღსაქმელი იყოს, ჩვენ მათ აგრეგირებას მოვახდენთ 10 ბალიანი სისტემით. სადაც 10 ქულა აღნიშნავს მაღალ ინკლუზიურ განვითარებას, ხოლო 1 ქულა დაბალ ინკლუზიურ ზრდაზე მიუთითებს. მონაცემთა აგრეგირებას მოვახდენთ შემდეგი ფორმულით:

სადაც Ii არის აგრეგირებული ინკლუზიური განვითარების ინდექსი კონკრეტული ინდიკატორისთვის; Y - მაჩვენებლებში კონკრეტული ქვეყნის შედეგი; YMIN - მაჩვენებლების მინიმუმი; YMAX – მაჩვენებლების მაქსიმუმი.

იმ ინდიკატორებისთვის, რომლის მაღალი მნიშვნელობა აღნიშნავს ქვეყნის ცუდ შედეგს, მოცემული ფორმულა შემდეგ სახეს მიიღებს:

მიღებული შედეგებიდან გამოვიყვანთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითარების ინდექს, როგორც თითოეული ქვეყნისთვის, ასევე ქვეყნის ჯგუფებისთვის. გამოვყოფთ 5 ჯგუფს: 1. ბალტიისპირეთი (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია); 2. აღმოსავლეთ ევროპა (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი); 3. სამხრეთ კავკასია (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი); 4. ცენტრალური აზია (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი; ყაზახეთი; თურქმენეთი) 5. რუსეთი.

როგორც ერთიანი, ასევე თითოეული ჯგუფისთვის არსებული ინდექსის მისაღებად გამოვიყენებთ შემდეგ ფორმულას:

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითარების ინდექსი

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითრების ინდექსს დავიანგარიშებთ 2019 წლისთვის (თუ რომელიმე მაჩვენებლის მონაცემი აღნიშნული წლისთვის არ არის ცნობილი, გამოვიყენებთ უახლოესი წლის ცნობილ მონაცემს). 

ცხრილი 1. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითარების ინდექსის შემადგენელ ინდიკატორთა მაჩვენებლები

ქვეყანა / ინდიკატორი

1

2

3

4*

5*

6

7

8

9

10**

11*

12

ესტონეთი

20,856.0

60.7

69.2

30.3

4.7

0.5

74

1.21

1.17

12.8

6.7

9.6

ლიეტუვა

18,609.7

58.1

66.7

35.7

6.5

1.3

60

1.02

1.04

11.8

6.6

35.3

ლატვია

16,722.1

57.5

66.2

35.1

6.0

0.9

56

0.88

1.11

12.0

6.2

35.5

ბელარუსი

6,678.5

61.0

66.0

25.2

3.5

0.0

45

-1.40

-0.18

12.3

5.6

38.4

ყაზახეთი

11,518.4

65.5

65.0

27.8

3.9

0.2

34

-1.21

0.12

11.4

2.9

18.5

მოლდოვა

3,720.2

39.4

64.5

25.7

3.5

0.9

32

-0.09

-0.38

18.3

6.6

25.0

უკრაინა

3,224.9

49.7

64.3

26.1

3.6

0.4

30

0.06

-0.30

13.1

7.7

50.3

რუსეთი

12,011.5

58.7

64.2

37.5

6.4

0.4

28

-1.10

0.15

13.5

5.3

13.1

ყირგიზეთი

1,116.4

54.9

65.8

27.7

3.8

10.9

30

-0.46

-0.68

15.7

6.5

54.1

სომხეთი

4,732.1

43.0

67.1

34.4

5.3

9.4

42

0.05

-0.07

10.4

10.0

49.9

საქართველო

4,978.5

56.3

64.7

36.4

6.6

15.5

56

0.20

0.83

13.0

7.1

40.4

უზბეკეთი

2,459.0

58.3

64.7

N/A

N/A

N/A

25

-1.61

-0.51

23.0

5.3

N/A

აზერბაიჯანი

5,880.0

63.3

63.6

N/A

N/A

N/A

30

-1.49

-0.14

7.0

3.5

17.7

თურქმენეთი

7,647.9*

55.7

62.1

N/A

N/A

N/A

19

-2.13

-1.16

N/A

6.6

32.8

ტაჯიკეთი

1,121.1

37.0

62.0

N/A

N/A

N/A

25

-1.83

-1.05

N/A

7.2

N/A

შენიშვნა: ნუმერაცია შეესაბამება მეორე პარაგრაფში მოცემულ ინდიკატორთა ნუმერაციას

                  * 2018 წლის მონაცემები

                  ** 2017 წლის მონაცემები

                  N/A - მაჩვენებელი არ არსებობს

წყარო: The World Bank; World Health Organization; Transparency International; International Monetary Fund; Ministry of Finance of Georgia. 

მოცემული მაჩვენებლების ბენჩმარკინგს თუ მოვახდენთ ზემოთ განხილული ფორმულით, მივიღებთ 10 ბალიანი სისტემით რანჟირებულ ინდექსებს თითოეული ქვეყნისთვის და ინდიკატორისთვის. მოცემული ინდექსების საშუალო მაჩვენებელი იქნება ჩვენს მიერ საძიებო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითარების ინდექსი. (იხ. ცხრილი 2). 

ცხრილი 2. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინკლუზიური განვითარების ინდექსი

ქვეყანა / ინდიკატორი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

საშუალო ინდექსი

ესტონეთი

10.0

8.5

10.0

6.3

6.5

9.7

10.0

10.0

10.0

4.2

5.8

10.0

8.42

ლიეტუვა

9.0

7.7

6.9

2.3

1.5

9.2

7.7

9.5

9.5

3.7

5.6

4.8

6.45

ლატვია

8.1

7.5

6.3

2.8

2.7

9.5

7.1

9.1

9.7

3.8

5.1

4.8

6.37

ბელარუსი

3.5

8.6

6.0

10.0

10.0

10.0

5.3

3.0

4.8

4.0

4.4

4.2

6.14

ყაზახეთი

5.7

10.0

4.8

8.1

9.0

9.9

3.5

3.5

5.9

3.5

1.0

8.2

6.09

მოლდოვა

2.2

1.7

4.1

9.6

10.0

9.5

3.1

6.5

4.0

7.4

5.7

6.9

5.89

უკრაინა

2.0

5.0

3.9

9.3

9.6

9.8

2.8

6.9

4.3

4.4

7.1

1.8

5.57

რუსეთი

6.0

7.8

3.8

1.0

1.8

9.8

2.5

3.8

6.0

4.6

4.0

9.3

5.04

ყირგიზეთი

1.0

6.6

5.7

8.2

9.1

3.7

2.8

5.5

2.8

5.9

5.6

1.0

4.83

სომხეთი

2.6

2.9

7.4

3.3

4.8

4.5

4.8

6.9

5.2

2.9

10.0

1.8

4.76

საქართველო

2.8

7.1

4.4

1.8

1.0

1.0

7.1

7.3

8.7

4.4

6.3

3.8

4.62

უზბეკეთი

1.6

7.7

4.4

N/A

N/A

N/A

2.0

2.4

3.5

10.0

4.0

N/A

4.45

აზერბაიჯანი

3.2

9.3

3.0

N/A

N/A

N/A

2.8

2.7

4.9

1.0

1.7

8.4

4.11

თურქმენეთი

4.0

6.9

1.1

N/A

N/A

N/A

1.0

1.0

1.0

N/A

5.7

5.3

3.25

ტაჯიკეთი

1.0

1.0

1.0

N/A

N/A

N/A

2.0

1.8

1.4

N/A

6.5

N/A

2.10

მოცემულ მონაცემებს თუ დავაჯგუფებთ რეგიონების მიხედვით გვექნება შემდეგი სურათი (იხ. ცხრილი 3):

 ცხრილი 3. ინკლუზიური განვითარების ინდექსი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯგუფების მიხედვით

ქვეყნების ჯგუფი

ქვეყნის ჯგუფის საშუალო ინდექსი

ბალტიისპირეთი

7.08

აღმოსავლეთ ევროპა

5.87

რუსეთი

5.04

სამხრეთ კავკასია

4.50

ცენტრალური აზია

4.14

როგორც ჩატარებული კვლევიდან ვხედავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კუთხით ყველაზე წარმატებული ბალტიისპირეთის ქვეყნებია. პირველ ადგილს იკავებს ესტონეთი, მეორეს ლიეტუვა, მესამეს კი ლატვია.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღნიშნულ ქვეყნებში დაიწყო საკმაოდ სწრაფი და რადიკალური რეფორმების განხორციელება, რამაც დააჩქარა მათი გადასვლა მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე და ხელი შეუწყო სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას. აღნიშნულ ქვეყნებში განხორციელებული არაერთი რეფორმა მოგვიანებით მისაბაძი მაგალითი გახდა უკრაინისთვის და საქართველოსთვის, თუმცა როგორც ვხედავთ მათ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ და ისინი შესაბამისად მე-7 და მე-11 ადგილს იკავებენ რეიტინგში.

მეორე ადგილს ქვეყნების ჯგუფის მიხედვით იკავებს აღმოსავლეთ ევროპა. მიუხედავად იმისა რომ ამ ჯგუფში შემავალი ბელარუსი, რომელიც მე-4 ადგილს იკავებს, დემოკრატიული რეფორმებით დიდად არ გამოირჩევა, ის საკმაოდ წარმატებულია სიღარიბის დაბალი დონის და  ქვეყანაში არსებული დაბალი უთანასწორობის გამო, რაც ხელს უწყობს, რომ ამ უკანასკნელის ეკონომიკური განვითარება, მიუხედავად მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის დაბალი მაჩვენებლისა, იყოს უფრო მეტად ინკლუზიური.

სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ჯგუფში შემავალი ქვეყნები შეიძლება ითქვას რომ  ვერ გამოირჩევიან ვერც ეკონომიკური განვითარების მაღალი მაჩვენებლებით  და ვერ იმ ფაქტორებით, რომლებიც არსებული ეკონომიკური სარგებლის სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს მოსახლების სხვადასხვა ფენებში. აქედან გამომდინარე მათ ყველა მიმართულებით უფრო მეტი სამუშაო აქვთ. აღნიშნული შედეგების მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს, დაწყებული არსებული სამხედრო კონფლიქტებით, ევროპისგან დაშორებით და ა.შ. მიუხედავად მიზეზებისა ფაქტი ერთია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფი ყველაზე წარმატებულია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხრივ, განსაკუთრებით კი ესტონეთი რომელიც უდავო ლიდერია ყველა მიმართულებით განსაკუთრებული მაღალი მაჩვენებლების გამო. 

დასკვნა

ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი საზრუნავი არის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რისთვისაც საჭიროა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ისიც, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად და სამართლიანად ნაწილდებოდეს მოსახლების სხვადასხვა ფენაზე და მოიცავდეს ეკონომიკის არაერთ სექტორს, რაც წარმოადგენს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მთავარ არსს.

უთანასწორობა და სიღარიბე XXI საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მასში შემავალ ქვეყნებს მძიმე მემკვიდრეობა ხვდათ წილად. ზოგმა შესძლო უკეთ გამკლავებოდა არსებულ გამოწვევებს, ზოგი კი დღესაც პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის გზაზე დგას.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ინკლუზიურობა დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ის ზოგადი შტრიხები, რომლებითაც ინკლუზიური ზრდა შეგვიძლია დავახასიათოთ:

  • ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც უნდა მოიცავდეს ეკონომიკაში შემავალი დარგების უმრავლესობას და გავრცელებული იყოს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე;
  • ეკონომიკური ზრდის პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და ქვეყნის ყველა შრომისუნარიან მოქალაქეს თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ჩაერთოს ეკონომიკურ საქმიანობაში;
  • ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი უნდა ნაწილდებოდეს მთელს მოსახლეობაზე სამართლიანად, თითოეული ადამიანის გაწეული შრომის და მისი შეტანილი წვლილის შესაბამისად;
  • მსგავსმა ეკონომიკურმა განვითარებამ და ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ჩართულობამ უნდა მიგვიყვანოს სიღარიბისა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არსებული უთანაბრობის შემცირებამდე.

რათქმაუნდა აღნიშნული მიზნების მიღწევა ასევე ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ჩვენ გვინდა გამოვყოთ ის 3 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც მიგვაჩნია, რომ უფრო დიდწილად განსაზღვრავენ თუ რამდენად ეფექტიანად მოხდება ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესრულება:

  1. განათლებული საზოგადოების ფორმირება - როგორც უკვე ვთქვით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწევა თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩაერთო ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად და მათმა ჩართულობამ ხელი არ შეუწყო სხვადასხვა სექტორების განვითარებას. თუმცა ეს უკანასკნელი უბრალოდ შეუძლებელი იქნება თუ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები, რათა თავისი წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამისათვის კი აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება მიექცეს განათლების სისტემის სრულყოფას და განათლებული საზოგადოების ფორმირება იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი.
  2. სამართლიანი გარემოს ფორმირება - მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ინკლუზიური ზრდისთვის აუცილებლად მიგვაჩნია არის თითოეული მოქალაქისთვის თანასწორი და სამართლიანი გარემოს ფორმირება. აქ საუბარი გვაქვს როგორც კორუფციის გამოვლენის მინიმუმამდე შემცირებაზე, ასევე ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო ინფორმაციის ქონისა თუ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების არსებობაზე და ა.შ, რათა თითოეული პოტენციური მეწარმე გრძნობდეს, რომ მას სხვასთან მიმართებაში თანაბარი შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების თუ მისი  წარმატებულად განხორციელების.
  3. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები - რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელწიფო მაქსიმალურად უწყობდეს ხელს ბიზნეს სექტორს სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებით, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Asia Development Bank, “Framework of inclusive growth indicators”, 2011 - https://www.adb.org/sites/default/files/publication/42976/ki2011-special-supplement.pdf (15.03.2021)
  2. Asia Development Bank, “Strategy 2020”, 2008 - https://www.adb.org/sites/default/files/institutional-document/32121/strategy2020-print.pdf (15.03.2021)
  3. Asia Development Bank, “Strategy 2030”, 2018 - https://www.adb.org/sites/default/files/institutional-document/435391/strategy-2030-main-document.pdf (15.03.2021)
  4. International Monetary Fund, Central government debt (% of GDP) - https://www.imf.org/external/datamapper/CG_DEBT_GDP@GDD/CHN/FRA/DEU/ITA/JPN/GBR/USA (29.03.2021)
  5. Ministry of Finance of Georgia, Central government debt (% of GDP) - https://mof.ge/en/4409 (29.03.2021)
  6. Organisation for Economic Co-operation and Development, “All on board Making inclusive growth happen”, 2014 - https://www.oecd.org/inclusive-growth/All-on-Board-Making-Inclusive-Growth-Happen.pdf (15.03.2021)
  7. The World Bank, Central government debt (% of GDP) -http://api.worldbank.org/v2/en/indicator/GC.DOD.TOTL.GD.ZS?downloadformat=excel (29.03.2021)
  8. The World Bank, Current health expenditure (% of GDP) - http://api.worldbank.org/v2/en/indicator/SH.XPD.CHEX.GD.ZS?downloadformat=excel (29.03.2021)
  9. The World Bank, Employment to population ratio, 15+, total (%) (modeled ILO estimate) - http://api.worldbank.org/v2/en/indicator/SL.EMP.TOTL.SP.ZS?downloadformat=excel  (29.03.2021)
  10. The World Bank, GDP per capita (constant 2010 US$) -  http://api.worldbank.org/v2/en/indicator/NY.GDP.PCAP.KD?downloadformat=excel (29.03.2021)
  11. The World Bank, Gini index (World Bank estimate) - http://api.worldbank.org/v2/en/indicator/SI.POV.GINI?downloadformat=excel (29.03.2021)
  12. The World Bank, Government Effectiveness - http://info.worldbank.org/governance/wgi/Home/downLoadFile?fileName=wgidataset.xlsx (29.03.2021)
  13. The World Bank, Government expenditure on education, total (% of government expenditure) - http://api.worldbank.org/v2/en/indicator/SE.XPD.TOTL.GB.ZS?downloadformat=excel (29.03.2021)
  14. The World Bank, Income share held by highest 20% - http://api.worldbank.org/v2/en/indicator/SI.DST.05TH.20?downloadformat=excel (29.03.2021)
  15. The World Bank, Income share held by lowest 20% - http://api.worldbank.org/v2/en/indicator/SI.DST.FRST.20?downloadformat=excel (29.03.2021)
  16. The World Bank, Poverty headcount ratio at $3.20 a day (2011 PPP) (% of population) - http://api.worldbank.org/v2/en/indicator/SI.POV.LMIC?downloadformat=excel (29.03.2021)
  17. The World Bank, Voice and Accountability - http://info.worldbank.org/governance/wgi/Home/downLoadFile?fileName=wgidataset.xlsx (29.03.2021)
  18. Transparency International, Corruption Perceptions Index 2010 - https://images.transparencycdn.org/images/CorruptionPerceptionsIndex2010_poster.pdf (29.03.2021)
  19. Transparency International, Corruption Perceptions Index 2019 - https://images.transparencycdn.org/images/2019_CPI_Report_EN_200331_141425.pdf (29.03.2021)
  20. United Nations, “The 2030 agenda for sustainable development”, 2015 - https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/21252030%20Agenda%20for%20Sustainable%20Development%20web.pdf (15.03.2021)
  21. World Economic Forum, “The inclusive growth and development report”, 2015 - http://www3.weforum.org/docs/WEF_Forum_IncGrwth.pdf (15.03.2021)
  22. World Economic Forum, “The inclusive growth and development report”, 2017 - http://www3.weforum.org/docs/WEF_Forum_IncGrwth_2017.pdf (15.03.2021)
  23. World Health Organization, Healthy life expectancy (HALE) at birth (years) - https://apps.who.int/gho/athena/data/data.xls?target=GHO/WHOSIS_000002,WHOSIS_000007&format=xml&profile=excel-xtab&filter=COUNTRY:*&x-sideaxis=COUNTRY&x-topaxis=GHO;SEX;YEAR (29.03.2021)
  24. World inequality lab, “World inequality report 2018”, 2018 - https://wir2018.wid.world/files/download/wir2018-summary-english.pdf (15.03.2021)